სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორია

english

კარტოფილის ფიტოფტორა (Phytophtora infestans)

კარტოფილის ფიტოფტორა ფართოდ გავრცელებული და დიდი ეკონომიური ზიანის მომტანი დაავადებაა. 
ფიტოფტორა განსაკუთრებით ძლიერ აზიანებს ძაღლყურძენასებრთა ოჯახის წარმომადგენლებს: კარტოფილი, პამიდორი, პეტუნია. იშვიათად ავადდება ბადრიჯანი და წიწაკა. ასნებოვნებს აგრეთვე აბუსალათინს, წიწიბურას, მარწყვს. დაავადების ძლიერ გავრცელებისას მოსავლის დანაკარგებმა შეიძლება 70%–ს მიაღწიოს. დაავადების ძირითადი საშიშოებაა მისი სწრაფად გავრცელება.
ავადმყოფობის გამომწვევი მიზეზია სოკო Phytophthora infenstans, მიცელიარული ორგანიზმი, სოკო წყალმცენარე, Oomycetes განყოფილებიდან, Phytophthoraceae-ის ოჯახიდან, რომელიც გვარ Phytophthora–ში შედის. ამ გვარის წარმომადგენლები უმაღლესი მცენარეების პარაზიტებია. ამასთან აღსანიშნავია, რომ ისინი წარმოადგენენ პირველად პარაზიტებს.
გამომწვევის ჰაუსტორებიანი ვეგეტატიური სხეული არ არის დატიხრული, ვრცელდება დაავადებული ქსოვილის უჯრედის შიგნით. ზოოსპორანგიუმების ბოლოში ფორმირდება ლიმონის ფორმის ზოოსპორები, რომლებიც სკდებიან და ვრცელდებიან წყლის ნაკადის საშუალებით. ფოთლის ფირფიტის ზედაპირზე წყლის წვეთთან ერთად მოხვედრისას, 6–8 ზოოსპორებიანი სპორანგია ღივდება, რომელიც რაღაც პერიოდის შემდეგ მრგვალდება, იფარება გარსით და ივითარებს ზრდის მილს, ბაგეების საშუალებით იჭრება ფოთოლში. თუმცა განსაკუთრებულ პირობებში ზოოსპორანგიას შეუძლია ზრდის მილის განვითარება ფოთოლში პირდაპირი შეჭრის გზით და არა ბაგეებიდან. დასნებოვნების დაწყებიდან ახალი სპორათგროვების წარმოქმნამდე პერიოდი ტემპერატურაზე დამოკიდებულებით შეადგენს 3–16 დღეს. გამომწვევის განვითარება ხდება ტემპერატურის ფართო–1,5–300C დიაპაზონში. ნიადაგის ზედაპირზე მოხვედრისას ზოოსპორანგია წყალთან ერთად ხვდება ნიადაგში, მისგან განთავისუფლებული ზოოსპორები კი აავადებენ ტუბერებს. ხშირად ტუბერები ავადდებიან მოსავლის აღების დროს, როცა ისინი ეხებიან დაავადებულ ღერო–ფოჩებიან ნიადაგის ფენას.  გამომწვევი ტუბერში იჭრება თვლების, მეჭეჭების და მექანიკური დაზიანების ადგილებიდან.

ფიტოფტოროზით ავადდება კარტოფილის ყველა ორგანო: ფოთლები, ღერო, ტუბერები. ფოთლებზე კიდეებიდან სიღრმისკენ მკრთალ–მოყვითალო და შემდეგ მუქი ყავისფერი ლაქები  ჯერ ქვედა ფოთლებზე ვითარდება. ნესტიან ამინდში ფოთლის ქვედა მხარეს ვითარდება თეთრი ფიფქი. ლაქები დასაწყისში გაფანტულია. ხელსაყრელ პირობებში  ლაქები სწრაფად მრავლდება.

დაავადებული ფოთლები
ძლიერი ეპიფიტოტიის პერიოდში ლაქებით მთელი მცენარეა დაფარული და გაშავებული. ხშირი წვიმებისა და თბილი ამინდების დროს კარტოფილის ღერო, ფოთლები მთლიანად ხმება და მარტო გამხმარი, გაშავებული ტანი რჩება, განსაკუთრებით როდესაც ლაქა შემორკალულია ღეროზე. მცენარის მწვანე ნაწილის მთლიანად გახმობისას ტუბერის განვითარება წყდება, ახალი არ ვითარდება და მოსავალი მთლიანად იღუპება.

დაავადებული ღერო-ფოჩი
დაავადებულ ტუბერებზე ჩნდება ნაცრისფერი ან მუქი ფერის უბნები, რომლებსაც კანის ქვეშ აქვს მოწითალო–ყავისფერი შეფერილობა. შეჭრილი მიცელიუმი სოლებივით იჭრება ტუბერის რბილობში, შიგთავსი მუქ ფერს იღებს და აქვს უსიამოვნო სუნი.  საბოლოოდ იგი მთლიანად ლპება.

შესაძლებელია გარეგნულად საღმა ტუბერებმა ლპობა დაიწყოს სათავსოებში. ინფექციის გამომწვევი იზამთრებს დაავადებულ ტუბერებზე, განსაკუთრებით რომლებიც რჩებიან ნიადაგში მოსავლის აღების შემდეგ, მცენარეულ ნარჩენებში, ნიადაგში.
კარტოფილის ფიტოფტორას განვითარებისთვის ოპტიმალური პირობებია ტემპერატურა 16–200C და ჰაერის შეფარდებითი ტენიანობა 75-80%.
დაავადება ვრცელდება დასენიანებული სარგავი მასალით. სოკო ვრცელდება თავდაპირველად ფესვებზე, შემდეგ ღეროსა და ფოთლებზე, ახალგაზრდა ტუბერები ავადდება მომენტალურად. იგივენაირად ხდება დაავადების გავრცელება ნიადაგიდან. ფიტოფტორა ვრცელდება ჰაერის საშუალებით და ასნებოვნებს ღერო–ფოჩს. შემდეგ სპორები ჩამოირეცხება წვიმის საშუალებით, ხვდება ნიადაგში და ასნებოვნებს მცენარის ქვედა ნაწილს. დაავადების დროული  აღმოჩენის და ბრძოლის ღონისძიებების ჩატარებისას ტუბერები საღი რჩება.
 თუკი კარტოფილის ტუბერები მოსავლის აღების შემდეგ დარჩა მინდორში (ან და მიმოფანტულ იქნა ნაკვეთის განაპირა ზოლებში) სოკოს შუძლია გამოიზამთროს დასნებოვნებულ  ტუბერებში მიცელიუმის სახით  და გაზაფხულზე ტუბერებსა და ახალგაზრდა ყლორტებზე  წარმოქმნას სპორანგიუმები. ცივ და ტენიან პირობებში სპორანგიუმები წარმოქმნიან ზოოსპორებს, რომელთაც შეუძლია დაასნებოვნონ მასპინძელი-მცენარეები ეპიდერმისიდან. მცენარის ბაგეებიდან გამომავალი სპორანგიუმები იფანტება ქარისა და წყლის საშუალებით, ასევე შეიძლება ჩაირეცხოს ნიადაგში, რომლებიც დაასნებოვნებენ ნიადაგში მექანიკურად დაზიანებულ ტუბერებს. სპორათწარმოქმნის ყველაზე კარგი პირობაა 18-220C ტემპერატურა და 90% ფარდობითი ტენიანობა. დასნებოვნება შეიძლება იმდენად ძლიერი აღმოჩნდეს, რომ დროის მოკლე პერიოდში მცენარეთა  100% გაანადგუროს. პათოგენის განვითარება და შემდგომი დასნებოვნება  შეიძლება  გაგრძელდეს შენახვის პირობებშიც და გამოიწვიოს მოსავლის დიდი დანაკარგები.

 

ავტორი:

ნინო ბოკერია
სოფლის მეურნეობის დოქტორი Ph.D
მცენარეთა მავნე ორგანიზმების დიაგნოსტიკის დეპარტამენტი
ფიტოპათოლოგიის ლაბორატორიის უფროსი