სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორია

english

ჯილეხის კერების დეკონტამინაციის შეფასება საქართველოში

ჯილეხი(ციმბირის  წყლული, ანტრაქსი) მწვავე ინფექციური ზოონოზური დაავადებაა, რომელსაც იწვევს გრამდადებითი, ენდოსპორის წარმომქმნელი, უძრავი, ჩხირისებრი ბაქტერია-B.Anthracis. დაავადება ვრცელდება ტრანსმისიული,ალიმენტური და ასპირაციული გზებით. ჯილეხით ძირითადად ავვადდებიან გარეული და შინაური ბალახისმჭამელი ცხოველები, B.Anthracis სპორების ნიადაგიდან ინჰალაციის,  კონტამინირებული ბალახის და წყლის მოხმარებით და/ან ქვედა კიდურებზე არსებული ჭრილობების კონტაქტით სპორებთან.რაც შეეხება ჯილეხით ადამიანის ავადობის შემთხვევებს, უმეტესწილად გამოწვეულია ინფიცირებულ ცხოველთან და  ცხოველურ პროდუქტთან პირდაპირი და არაპირდაპირი კონტაქტის გზით, თუმცა არსებობს B.anthracis ადამიანებში ინჰალაციური გზით გავრცელების შემთხვევები ბიოლოგიური თავდასხმის (B.anthracis როგორც ბიოლოგიური იარაღის გამოყენების) შედეგად. დაავადება მანიფესტირდება კანის, ფილტვისმიერი და გასტროინტესტინური ფორმით, ინფექციური აგენტის ორგანიზმში მოხვედრის გზის შესაბამისად.

ჯილეხის ბაცილები ინფიცირებული ცხოველის შარდის, ფეკალიების და ჯილეხით დაცემული ცხოველის სისხლის და სხვა ბიოლოგიური სითხეების გამოთავისუფლების შედეგად ხვდებიან გარემოში. მკბენარა მწერები რომლებიც იკვებებიან დაავადებული ცხოველის ლეშით ასევე  შესაძლოა ასრულებდნენ მექანიკური ვექტორების როლს დაავადების გამომწვევი აგენტის გავრცელებაში. მოხვდებიან რა გარემოში ჯილეხის ბაცილები თავისუფალ ჟანგბადთან ექსპოზიციისას  წარმოქმნიან სპორებს, რომლებიც მიძინებულ(არავეგეტატიურ) მდგომარეობაში რეზისტენტულნი არიან გარემო პირობების მიმართ და ინარჩუნებენ ინფექციურობასა და სიცოცხლისუნარიანობას ნიადაგში, ცხოველის ბეწვის საფარში, წყალში და მცენარეებზე, ათწლეულების  განმავლობაში. ტუტე გარემო, კალციუმის მაღალი შემცველობა, ტენიანობა და ორგანული ნივთიერებების არსებობა განსაკუთრებით ხელსაყრელს ხდის ნიადაგს სპორების გადარჩენისათვის. ჯილეხის  შემთხვევები ფიქსირდება მსოფლიოს მასშტაბით, დედამიწის ყველა კონტინენტზე. დაავადების აფეთქებები ხშირად მოსდევს გარკვეულ კლიმატურ მოვლენებს მათ შორის წყალდიდობას, ძლიერი წვიმებს, ასევე ადამიანების მიერ B.anthracis სპორებით დაბინძურებული ნიადაგის დამუშავებას და სამშენებლო პროცესებს, ვინაიდან ხდება ნიადაგის სიღრმეში კონცენტრირებული სპორების რელოკაცია მიწის  ზედაპირზე.

საქართველოში ჯილეხი მიიჩნევა ენდემურ დაავადებად. პირველად იგი აღწერილი იყო სულხან-საბა ორბელიანის 1697 წლით დათარიღებულ ხელნაწერ მონოგრაფში. ჯილეხის სპორადიული შემთხვევები ფიქსირდება საქართველოს ყველა რეგიონში; მათ შორის ყველაზე მაღალი ინციდენტობით კახეთში, შიდა ქართლსა და ქვემო ქართლში. ჯილეხით დაავადების მუდმივი რისკის არსებობა განპირობებულია ინფექციური აგენტის ნიადაგური კერების არსებობით. საქართველოში დღეისათვის იდენტიფიცირებულია 2000-ზე მეტი ჯილეხით დაავადებული და დაცემული ცხოველის ნიადაგობრივი კერა. 
1881 წლიდან სურსათის ეროვნული სააგენტო აგროვებს მონაცემებს და ახორციელებს ჯილეხის გავრცელების აქტიურ და პასიურ ზედამხედველობას. დაავადების კონტროლის და ერადიკაციის მიზნით ხდება, დაცემული ცხოველის ლეშის გაუვნებელყოფა, ინფექციის ტერიტორიის, სასაკლაოების და ლაბორატორიულად დადასტურებული ჯილეხით დაცემული ცხოველების სამარხების დეკონტამინაცია, საქართველოს “სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის” კოდექსის, “ვეტერინარულ-სანიტარული უსაფრთხოების წესების” მიხედვით. კერძოდ ნიადაგი მუშავდება კომერციულად არსებული კალციუმის ჰიპოქლორიტით[Ca(OCL)2] ორ ეტაპად.  პირველ ეტაპზე გამოიყენება 5% ქლორის ხსნარი (10ლ. 1მ2-ზე) 20-25 სმ. სიღრმეზე გადაბრუნებული ნიადაგის დასამუშავებლად. მეორე ეტაპზე კი გადაბრუნებულ ნიადაგზე იყრება 25%-იანი ქლორის მადენზიფიცირებელი ფხვნილი (დაახ. 5კგ 1მ2 ფართობზე). როგორც წესი ნიადაგის pH-ის შემცირება 6.1-ს ქვევით  განაპირობებს სპორების სიცოცხლისუნარიანობის დაკარგვას, თუმცა ნიადაგი წარმოადგენს კომპლექსურ მატრიცას და  უცნობია ახდენს თუ არა გავლენას მისი შემადგენელი კომპონენტების ფარდობა დეკონტამინაციის ეფექტურობაზე.   ზემოთ ხსენებული რეგულაციები არ ითვალისწინებს დეკონტამინაციის პროცედურის წარმატებით განხორციელების და ეფექტურობის დადასტურების აუცილებლობას და აქამდე არ მომხდარა ამ მეთოდის  შედეგიანობის მეცნიერული შესწავლა. ამასთან კოოპერატიული ბიოლოგიური კვლევის (CBR) TAP7 პროექტის ფარგლებში განხორციელებული კვლევის(Identification and Mapping of Anthrax foci in Georgia) მიხედვით B.anthracis სპორებზე საეჭვო  წარსულში დეკონტამინირებული 302 ნიადაგობრივი კერიდან 24(8%) აღმოჩნდა კვლავ დადებითი ჯილეხზე. აღნიშნული ეჭქვეშ აყენებს დეკონტამინაციის სქემის ეფექტურობას. 

ამერიკის შეერთებული შტატების(აშშ) თავდაცვისა და საფრთხის შემცირების სააგენტოს (DTRA) დაფინანსებით ერთობლივი ბიოლოგიური ჩართულობის პროგრამის (CBEP) ფარგლებში წამოწყებულ იქნა პროექტი, რომელიც პასუხობს მასობრივი განადგურების ბიოლოგიური იარაღის წარმოების შესაძლებლობის შემცირებას, B.anthracis სპორებზე საეჭვო ნიადაგების ეფექტური დეკონტამინაციის შესახებ სამეცნიერო ინფორმაციის დაგროვების გზით.  კვლევის მთავარი მიზანია, საქართველოში ჯილეხის ნიადაგობრივი კერების დეკონტამინაციის მეთოდის სქემის ეფექტურობის შეფასება და რაოდენობრივი ანალიზი,  ჯილეხის განმეორებითი დეზინფექციის და პოსტ-დეკონტამინირებულ ნიადაგში B.anthracis  ლაბორატორიული ანალიზის საშუალებით. პროექტი ხორციელდება სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის (სმსლ), სურათის ეროვნული სააგენტოს (სეს) და გერმანიის ჰოჰენჰაიმის ვეტერინარული უნივერსიტეტის (University of Hohenheim für Nutztierwissenschaften) მეცნიერებს შორის თანამშრომლობით.  წლების განმავლობაში  სმს ლაბორატორიის  და სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტებმა გაიარეს ტრენინგები აშშ-ს მრავალი სააგენტოს, მათ შორის DTRA, CBEP, ამერიკის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის (CDC) და აშშ სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის სპეციალისტებისგან განსაკუთრებით საშიში პათოგენებთან მუშაობის მეთოდებზე. 

პროექტის საწყის ეტაპზე მოხდა სმს ლაბორატორიის მოლეკულური ბიოლოგიის ლაბორატორიის თანამშრომლების გადამზადება პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქციის მეთოდის (პჯრ) დიაგნოსტიკური სენსიტიურობის და სპეციფიურობის გაუმჯობესების მიზნით. ასევე გადამზადდნენ სმს ლაბორატორიის  რეგიონალურ ლაბორატორიების სპეციალისტები.  სეს-ის სპეციალისტების მიერ განხორციელდა  ნიმუშების შეგროვების სტრატეგიის შემუშავება, სამიზნე ლოკაციების დეკონტამინირება საქართველოში არსებული რეგულაციების მიხედვით, პოსტ- დეკონტამინირებული ნიადაგის ნიმუშების აღება და ტრანსპორტირება სმს ლაბორატორიაში, მიკრობიოლოგიური და ბიოსამედიცინო ლაბორატორიების ბიოუსაფრთხოების მანუალის მე-5 გამოცემაში (BMBL Manual 5th edition) გაწერილი ბიოუსაფრთხოების წესების დაცვით. სმს ლაბორატორია პასუხისმგებელია შეგროვებულ ნიადაგის ნიმუშებში, B.anthracis მიკრობიოლოგიურ და მოლეკულურ-ბიოლოგიურ კვლევაზე.  მონაცემთა ანალიზის საფუძველზე შესაძლებელი გახდება არსებული დეკონტამინაციის სქემის ეფექტურობის შეფასება და საჭიროების შემთხვევაში  მოდიფიკაცია/ოპტიმიზაცია, ისევე როგორც დეკონტამინაციის ალტერნატიული მეთოდების შესაძლო უპირატესობის განხილვა და ახალი პროტოკოლის შემუშავება.  
პროექტის მიმდინარეობის პერიოდში სმს ლაბორატორიაში განხორციელდა რაოდენობრივი  პჯრ(qPCR) მეთოდის დანერგვა, რომელიც პირდაპირი გზით B.anthracis სპორების  ნიადაგში რაოდენობრივ  ანალიზის საშუალებას იძლევა. მეცნიერები მუშაობენ სადიაგნოსტიკო მეთოდის სენსიტიურობის და სპეციფიურობის გაუმჯობესებაზე, ქრომოსომული მარკერების გამოყენებით. 

პროექტის წარმატებით განხორციელება ხელს შეუწყობს,  B.anthracis სპორების შემცველი ნიადაგის დეკონტამინაციის შესახებ სამეცნიერო ინფორმაციის შევსებას; საქართველოში  ჯილეხის ზედამხედველობის და ერადიკაციის ღონისძიებების ეფექტურობის გაზრდას და შესაბამისად  ავადობის შემცირებას ცხოველებსა და ადამიანებში. 

კვლევის შედეგების მიხედვით გარკვეული რეკომენდაციები გაიცემა  საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიმართ, რამაც ასევე შესაძლოა  გარკვეული როლი ითამაშოს საერთაშორისო სტანდარტების განვითარებაში. 

 

 

 ავტორები:

 

მარინა ნიკოლაიშვილი
ცხოველთა დაავადებების დიაგნოსტიკის დეპარტამენტის ბაქტერიოლოგიის ლაბორატორიის უფროსი

ანა გულბანი
სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის დირექტორის მოადგილე

ირმა ბერაძე
ცხოველთა დაავადებების დიაგნოსტიკის დეპარტამენტის ბაქტერიოლოგიის ლაბორატორიის მთავარი სპეციალისტი

მარინა ზაქარეიშვილი
ცხოველთა დაავადებების დიაგნოსტიკის დეპარტამენტის ბაქტერიოლოგიის ლაბორატორიის მთავარი სპეციალისტი

ელისო მამისაშვილი
ცხოველთა დაავადებების დიაგნოსტიკის დეპარტამენტის ვირუსოლოგიისა და მოლეკულური ბიოლოგიის ლაბორატორიის მთავარი სპეციალისტი

ანა კაპანაძე

სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორია