სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორია

english

ვაზის სარეველები

საქართველო ვაზის წარმოშობის ერთ-ერთი უძველესი კერაა, პირველი ცნობები ვაზის კულტივირების შესახებ  მე-4-5 ათასწლეულით თარიღდება ჩვენს წელთაღრიცხვამდე. არქეოლოგებმა ქვემო ქართლში, მარნეულის ველზე  ძვ. წ. მე-6 საუკუნის ვაზის რამდენიმე წიპწა აღმოაჩინეს, მორფოლოგიური და ამპელოგრაფიული ნიშნების მიხედვით ვაზის კულტურულ სახეობას - "Vitis Vinifera”-ს მიაკუთვნეს. კულტურული ვაზისა და ღვინის უძველესი კვალი აღმოჩენილია ნეოლითური ხანის სხვა ნამოსახლარებშიც (შულავერის გორა, გადაჭრილი გორა, ხრამის დიდი გორა, არუხლოს გორა, ხიზანაანთ გორა და სხვა). ღვინოს ჯერ კიდევ წარმართული პერიოდიდან ჰქონდა რიტუალური და მისტიკური დანიშნულება. ქართველების ხალხურ სარწმუნოებაში მევენახეობის მფარველ ღვთაებად „აგუნა“, ანუ „ანგურა“ იყო მიჩნეული. აგუნასთვის მსხვერპლშეწირვის რიტუალი თეატრალიზებული სახით გურიაში დღესაც არის შემორჩენილი.
საქართველოს ტერიტორიაზე ველური ვაზი დღესაც არის გავრცელებული. გასული საუკუნის 80–იანი წლებიდან ტყის ვაზი საქართველოს წითელ წიგნშია შეტანილი, როგორც სახელმწიფო დაცვის ობიექტი. ველური ვაზის პარალელურად, საქართველოში აღწერილია კულტურული ვაზის 500-ზე მეტი ქართული ჯიში, რომელთაგან 430–მდე დაცულია სახელმწიფო და კერძო საკოლექციო ვენახებში.
ყურძენი გამოირჩევა  საუკეთესო თვისებებით და ითვლება გემრიელ საკვებად, შეიცავს შაქრებს 18-25 %-ს, ასევე ვიტამინებს: B1, B2, B6, B12, C და მიკროელემენტებს: Ca, K, Fe, P და სხვა; მისგან ამზადებენ: ღვინოს, კონიაკს, ბადაგს, ქიშმიშს, მურაბებს, კომპოტებს და სხვა. 

ვაზს დიდ ზიანს აყენებენ მავნე ორგანიზმები (მავნებლები, დაავადებები, სარეველები). 
სარეველები ვაზს ართმევენ ტენს, საკვებ ნივთიერებებს, ჩრდილავენ, ნაკლებია ჰაერაცია და ხელი ეწყობა მავნებელ-დაავადებათა განვითარებას.
 ვაზის სარეველებია: შალაფა ( Sorghum halepense (L.) Pers.),  მხოხავი ჭანგა (Agropyrum repens (L.) P.B),  მარიამსხალა (Aegopodium podagraria L.), ძაღლყურძენა (Solanum nigrum L.), ნიახურა (Ranunculus repens L.), ჭინჭრის დედა (Lamium album L.), ტყისურა ერთწლიანი (Mercurialis annua L.), შავთარა (Fumaria officinalis L.), დედოფლისთითა (Veronica officinalis L.), თეთრი ნამიკრეფია (Agrostis alba L.), მწყერფეხა (Digitaria ischaemum L.), ყანის ჭლექი (Fallopia convolvulus (L.) A.Love), გაზაფხულის თავყვითელა (Senecio vernalis W. et K.), თათაბო (Atriplex patula L.), ბეგიაური (Galium aparine L.), მინდვრის ნარი (Cirsium arvense L.), ჟუნჟრუკი (Stallaria media (L.) Cyr.),  ხვართქლა (Convolvulus arvensis L.), ჯიჯლაყა (Amaranthus retroflexus L.), ნაცარქათამა (Chenopodium album L.), ბაბუაწვერა (Taraxacum officinale Wigg.), ღიჭა (Sonchus arvensis L.), წიწმატურა (Capsella bursa-pastoris (L.) Medic.) და სხვა.
ქვემოთ წარმოგიდგენთ ზოგიერთი მათგანის მოკლე დახასიათებას.

შალაფა - Sorghum halepense ( L.) Pers.                                                                     
მიეკუთვნება მარცვლოვანთა ოჯახს, ფესურიანი, აბეზარი სარეველაა; ღერო - სწორმდგომი, 2 მ-მდე; ფოთოლი -  ლანცეტისებური; ყვავილედი -  თავთავი;  ნაყოფი - მარცვალი, მოგრძო კვერცხისებური, ყავისფერი, სიგრძე - 3.5 -4 მმ, სიგანე- 1.5-1.75მმ,  ერთ თავთავში 500 – 800 - მდე მარცვალია.

მხოხავი ჭანგა - Agropyrum repens (L.) P. B.                                                              
მრავალწლიანი, ბალახოვანი, ფესურიანი, ძლიერ საშიში სარეველაა მარცვლოვანთა ოჯახიდან. ფესურა გრძელი, ვრცელდება, როგორც ჰორიზონტალურად, ისე ვერტიკალურად - 5 -15 სმ - მდე; ღეროს სიმაღლე 40-150 სმ; ფოთოლი - შიშველი, ბრტყელი, ხაზურა; ყვავილედი - რთული თავთავი; თესლი - მარცვალი,  ჩალისფერი, სიგრძე -  0.5 სმ. 

მარიამსხალა - Aegopodium podagraria L.                                                                                   
მრავალწლიანი, ბალახოვანი, ფესურიანი სარეველაა ქოლგოსანთა ოჯახიდან; ფესურა - ჰორიზონტალური, გრძელი; ღერო - სწორი, 1 მ-მდე სიმაღლის; ფოთლები - ყუნწიანი, მორიგეობით განლაგებული, მოგრძო-კვერცხისებური, დაკბილული; ყვავილედი - ქოლგა, 20-30 სხივით, ყვავილი - პატარა, თეთრი, ყვავილობს მაის-ივლისში; ნაყოფი - მოგრძო, ყავისფერი, სიგრძე 3-4 მმ.

ძაღლყურძენა - Solanum nigrum L.                                                                    
ერთწლიანი, ბალახოვანი, შხამიანი სარეველაა ძაღლყურძენასებრთა ოჯახიდან, შეიცავს ალკალოიდებს; ფესვი - ფუნჯა; ღერო - სწორი, დატოტვილი, 30-120 სმ სიმაღლის; ფოთლები მარტივი, მორიგეობით განლაგებული, ოვალურ - კვერცხისებური, კიდედაკბილული; ყვავილები - თეთრი, ვარსკვლავისებური, შეკრული ნახევარქოლგად, ყვავილობს ივლისიდან - აგვისტომდე; ნაყოფი - შავი, წვნიანი კენკრა, მრგვალი, 1 სმ დიამეტრის, მწიფდება აგვისტო - ოქტომბერში; თესლი მომრგვალო, კვერცხისებური, გვერდებიდან შეჭყლეტილი, ფუძესთან შევიწროებული, ჭიპი გვერდული, სუსტად შესამჩნევი, ზედაპირი ბადისებური, მოყვითალო-ჩალისფერი, სიგრძე 1.75-2 მმ, სიგანე 1.25-1.5 მმ.

ნიახურა - Ranunculus repens L.                                                                                   
მრავალწლიანი, ბალახოვანი, ფესურიანი, შხამიანი სარეველა მცენარეა ბაიასებრთა ოჯახიდან; ფესურა - დატოტვილი, ფესვი - ფუნჯა; ღერო - მხოხავი, სქელი, წვნიანი, შეუბუსავი ან ოდნავ შებუსული, 15-40 სმ სიმაღლის; ფესვთანური ფოთლები სამყურა, ყუნწიანი, რომბისებურ-კვერცხისებრი, დანაკვთული, ზედა ფოთლები მჯდომარე, ლანცეტისებური; ყვავილი - მოყვითალო-ოქროსფერი, დიამეტრით 2-3 სმ, ყვავილობს ივნისში; ნაყოფი - კაკლუჭა, უკუკვერცხისებრი, სიგრძე 3.5 მმ, სიგანე 2.5 მმ, თესლი ყავისფერი.

ჭინჭრის დედა - Lamium album L.                                                                       
მრავალწლიანი, ბალახოვანი მცენარეა ტუჩოსანთა ოჯახიდან; აქვს ჰორიზონტალური ფესურა; 60 სმ-მდე სიმაღლის სწორმდგომი, ოთხწახნაგოვანი ღერო; ფოთლები  - მოპირდაპირედ განლაგებული, კვერცხისებრი ან გულისებრი, დაკბილული, ყუნწიანი; ყვავილები - ორტუჩა, თეთრი ან მოყვითალო, შეკრებილია რგოლებად ზედა ფოთლების იღლიაში, ყვავილობს აპრილიდან აგვისტომდე; ნაყოფი იშლება 4 მუქ ნაცრისფერ კაკლუჭად, მწიფდება ივნის-სექტემბერში.

ტყისურა ერთწლიანი- Mercurialis annua L.                                                                               
მრავალწლიანი, შხამიანი, ბალახოვანი მცენარეა რძიანასებრთა ოჯახიდან; ფესურა - მხოხავი; ღერო - მარტივი, ცილინდრული, შეფოთლილი მხოლოდ ზემოთ; ფოთლები - მოგრძო კვერცხისებრი ან ელიფსურ ლანცეტისებრი, წაწვეტებული, დაკბილული, მოპირდაპირედ განლაგებული; ყვავილი - პატარა, მოთეთრო, ყვავილობს აპრილ-მაისში; ნაყოფი - ორთესლიანი სფერული კოლოფი, რომელიც დაფარულია ბუსუსებით.

შავთარა  - Fumaria officinalis L.                                                                                 
ერთწლიანი ბალახოვანი მცენარეა, გავრცელებულია ყველგან, ღეროს სიმაღლე 20-30 სმ, სწორმდგომი, დატოტვილი; ფოთლები - ორმაგფრთისებრდანაკვთული, მორიგეობით განლაგებული; ყვავილი - მოვარდისფრო-იასამნისფერი, სიგრძე - 7 –9 მმ,  ყვავილობს - ივნისიდან ოქტომბრამდე; ნაყოფი -  კაკლუჭა ზემოთ შეჭყლეტილი, ნაოჭიანი, მონაცრისფრო - ყავისფერი, სიგრძე 2 – 2.5 მმ, სიგანე 2.5 მმ. თესლი ოვალური, მოწითალო - ყავისფერი, ერთ მცენარეზე ვითარდება 1500 თესლი.

დედოფლისთითა - Veronica officinalis L.                                                                       
მრავალწლიანი, ბალახოვანი მცენარეა შავწამალასებრთა ოჯახიდან; ფესურა - წვრილი, მხოხავი, დატოტვილი; ღერო - მხოხავი, შებუსული, დატოტვილი, სიგრძით 10-30 სმ; ფოთლები - მოპირდაპირედ განლაგებული, მოკლეყუნწიანი, ელიფსური ან ფართოკვერცხისებრი; ყვავილი - ლურჯი ფერიდან იასამნისფრამდე, საყვავილე ყუნწები სწორმდგომი, ყვავილობს გაზაფხულის მეორე ნახევარსა და ზაფხულის დასაწყისში; ნაყოფი - ორბუდიანი მრავალთესლიანი კოლოფი, უკუკვერცხისებრი, სიგრძე 4-5 მმ, თესლი ბრტყელი, სიგრძე 1 მმ, ნაყოფს იძლევა ივლის-ოქტომბერში.

თეთრი ნამიკრეფია - Agrostis alba L.                                                                        
მრავალწლიანი, ფესურიანი, საშემოდგომო სარეველა მცენარეა მარცვლოვანთა ოჯახიდან; ფესვი - ფუნჯა, ძლიერი; ღერო - წვრილი, გლუვი, 60-100 სმ სიმაღლის; ფოთოლი - რბილი, ოდნავ შებუსული, ბრტყელი, სიგრძე 5-6 მმ; ყვავილედი - საგველა; თესლი - პატარა, ლანცეტისებური, პრიალა, თეთრი, სიგრძე 1-2 მმ,  სიგანე 0.3-0.4 მმ.   

მწყერფეხა - Digitaria ischaemum L.                                                                       
ერთწლიანი, მარცვლოვანი, ბალახოვანი სარეველაა; ღერო - სწორმდგომი 10-50 სმ-მდე; ფოთლები - ლანცეტა, მწვანე ან მომწვანო - იასამნისფერი; ყვავილედი თავთავი, სიგრძე -  2.2-2.5 მმ, ყვავილობს ივლისში;  მარცვალი -  ელიფსური, მოყვითალო -  ყავისფერი, სიგრძე 1-2.8 მმ, მწიფდება აგვისტო - სექტემბერში.

გაზაფხულის თავყვითელა - Senecio vernalis W. et K.                                                                                   
საგაზაფხულო, ერთწლიანი, ბალახოვანი სარეველაა რთულყვავილოვანთა ოჯახიდან. ფესვი -  მთავარღერძა; ღერო - მარტივი, ზედა ნაწილში დატოტვილი, შებუსული 10-60 სმ სიმაღლის; ფოთლები - ყუნწიანი, მოგრძო, ფრთისებრდანაკვთული; ყვავილედი -კალათა, ყვავილი ყვითელი ფერის, ყვავილობს მარტიდან ივნისამდე; თესლურა -ცილინდრული 2-3 მმ სიგრძის, ერთ მცენარეზე ვითარდება 40 000 თესლი.

 

ნინო დათუკიშვილი
სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის
ფიტოპათოლოგიის ლაბორატორიის მთავარი სპეციალისტი

მაია გიორბელიძე
სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის
ფიტოპათოლოგიის ლაბორატორიის მთავარი სპეციალისტი