სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორია

english

სიმინდის მშრალი სიდამპლე

პათოგენი სოკო Stenocarpella maydis საკარანტინო მავნე ორგანიზმია, რომელიც იწვევს სიმინდის მშრალ სიდამპლეს. იგი უსრულო სოკოების ჯგუფშია გაერთიანებული.  სოკოს ტელემორფი არ არის ცნობილი.

გავრცელებულია თითქმის ყველა კონტინენტზე.

ევროპა: იტალია, გაერთიანებული სამეფო, ჩეხეთი, სერბია.

აზია: ჩინეთი, ინდოეთი, ირანი, კორეა, ნეპალი, პაკისტანი, ტაივანი, ტაილანდი.

ამერიკა: აშშ, კანადა, მექსიკა, არგენტინა, ბელიზი, ბრაზილია, ჰონდურასი, კოლუმბია, ეკვადორი.

აფრიკა: კენია, კონგო, მალავი, ნიგერია, სკაზილენდი, ტანძანია, სამხ. აფრიკა, ეთიოპია, განა, უგანდა, ზამბია, ზიმბამბვე.

ოკეანეთი: ავსტრალია, ახალი ზელანდია.

საქართველოში გავრცელებულია დასავლეთ საქართველოს რაიონებში.

პათოგენი სოკოს მასპინძელი მცენარეებია სიმინდი   (Zea mays)  და ლერწამი (Arundinaria).
დაავადების გავრცელება შესაძლებელია  სიმინდის დაავადებული მარცვლებით, მცენარეული ნარჩენებით და ნიადაგში მოთავსებული დაავადების საწყისით.

ინფექციის გავრცელება ხდება კონიდიუმებით, რომლებიც წვიმის და ქარის საშუალებით ვრცელდება.  მოსავლის ნარჩენებზე ძლებს ორი წლის განმავლობაში.  

დაავადებული თესლი გაღივებას იძლევა, მაგრამ ღივი სუსტია, სოკოს მოქმედებას ვერ უძლებს და ვიდრე ნიადაგის ზედაპირზე გამოვა, იღუპება (50%), არ ამოდის. 
სუსტად დაავადებული თესლის ნაწილი აღმონაცენს იძლევა. მაგრამ სუსტია, განუვითარებელი და ხშირად ნაადრევად იღუპება Stenocarpella maydis დაავადებას განვითარების ყველა ფაზაში იწვევს.


პირველი ფაზა - აღმონაცენის დაავადება.

მეორე ფაზა - ზრდა-განვითარებული ორგანოების: ღეროების და ტაროების დაავადება, რომელზეც მშრალ სიდამპლეს აჩენს. 

დაავადება ვლინდება სიმინდის ყველა მიწისზედა ორგანოზე (ფოთოლი, ღერო, ტარო, ქეჩეჩო, ვაგინა, მარცვალი) და შეიძლება დასნებოვდეს ფესვებიც.

 

ფოთლის ფირფიტის ფუძესთან წარმოიქმნება წაგრძელებული მოწითალო-მუქი ლაქები. ისინი თანდათანობით ერწყმიან ერთმანეთს და წარმოიქმნება მკვდარი ქსოვილების უბანი, რომლებიც მოგვაგონებს ყინვით დაზიანებას. 

ღეროს მუხლთაშორისებთან ჩნდება მოწითალო ლაქები, რომლებიც ერწყმის ერთმანეთს და მოიცავს მთელ ღეროს. ღეროს შუაგული იშლება. დაზიანების გარეშე რჩება მხოლოდ ჭურჭელბოჭკოვანი კონები. ძლიერი წვიმებისა და ქარის დროს ღერო გადატყდება. 
მუხლებთან ეპიდერმისით დაფარული შავი წერტილები ჩნდება და ღერო ხორკლიანი ხდება.
გამხმარი ჩალა და სიმინდის ნარჩენები პიკნიდიუმებითაა დაფარული.    

ტაროში ინფექცია წვეროდან ან ყუნწიდან შედის (უფრო ხშირად). სოკოს თეთრი მიცელიუმი თავისუფლად უვლის, როგორც ტაროს ღერძს, ისე მარცვლებს და შემოკრული ფუჩეჩის ნაწილებს. მიცელიუმი ვითარდება მარცვლის რიგებშუა. ადრეულ სტადიაში დაავადებისას ტარო მთლად იშლება და უნაყოფო რჩება. 

რძის სიმწიფის პერიოდში დაავადებისას მარცვლები სრულდება, მაგრამ ყველა დაზიანებულია. ტაროს მოკრიალო იერი დაკარგული აქვს, მატლიანი ხდება, მარცვალი ჭკნება და ერთიმეორისაგან დაშორებული რჩება.
თესლი იცვლის შეფერილობას ყავისფერამდე, განსაკუთრებით თესლის ჩანასახის მხარეს.

ტაროს თმა დამპალია, მოზრდილია მარცვლებზე და შემოკრული ფუჩეჩის ნაწილებზე. პიკნიდიუმები ვითარდება ფუჩეჩზე, მარცვლებსა და ტაროს ღეროზე. პიკნიდიუმები არის მარცვლის ბუდესთან და რიგებშუა. 

დაავადების განვითარებისათვის ხელსაყრელია ტენიანი გარემო, ოპტიმალური ტემპერატურა კი 28-30 გრადუსი (მინიმალური 10-15 გრადუსი), აგრეთვე მოსავლის დაგვიანებული აღება. 

სიმინდის მშრალი სიდამპლე სიმინდის სერიოზულ დაავადებაა.  ამცირებს აღმონაცენის სიხშირეს 5-დან 37%-მდე, (ნათესები მეჩხერდება). აქვეითებს მოსავლიანობასა და მარცვლის ხარისხს. იწვევს მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვისა და ცხვრის მიკოტოქსიკოზს.

 

 

 

ავტორები:

 

ნინო ბოკერია

სოფლის მეურნეობის დოქტორი Ph.D
მცენარეთა მავნე ორგანიზმების დიაგნოსტიკის დეპარტამენტი
ფიტოპათოლოგიის ლაბორატორიის უფროსი

 

ანნა დადეგაშვილი

მცენარეთა მავნე ორგანიზმების დიაგნოსტიკის დეპარტამენტი
ფიტოპათოლოგიის ლაბორატორიის უფროსი სპეციალისტი