ვებ გვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში
შშმ პირებზე ადაპტირება

სსიპ სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორია

english

თხილის კულტურის სარეველები

თხილს კაკლოვან კულტურებს შორის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ადგილი უკავია. თხილის კულტურა ყოველთვის დიდ ინტერესს იწვევდა და დღესაც მსოფლიო ბაზრის ყურადღების ცენტრშია, მისი ძირითადი მწარმოებლებია: თურქეთი, იტალია, აშშ, აზერბაიჯანი, ესპანეთი და სხვ.

საქართველოსთვის თხილს სერიოზული ეკონომიკური მნიშვნელობა ჰქონდა, იგი მოსახლეობის შემოსავლის წყარო იყო. ჩვენი ქვეყნიდან გასული საუკუნის 20-იან წლებამდე დიდი რაოდენიბით თხილი გადიოდა ევროპის ბაზარზე, მაგრამ საბჭოთა პერიოდში თხილის ნარგაობა შემცირდა და შესაბამისად შემცირდა ექსპორტიც. მდგომარეობა შეიცვალა მხოლოდ მე-20 საუკუნის 90-იან წლებში, როცა დასავლეთ საქართველოში განახლდა თხილის პლანტაციების გაშენება და შეიქმნა გადამამაუშავებელი ქარხნები.

საქართველოში თხილი გავრცელებულია შავი ზღვის სანაპიროზე აჭარის, გურიის, სამეგრელოს, აფხაზეთის, იმერეთის და აღმოსავლეთ საქართველოს (ლაგოდეხი, ყვარელი) რაიონებში.

გამოკვლევებით დადასტურებულია, რომ თხილის ერთ-ერთი სამშობლო საქართველოა. ძველი წელთაღრიცხვის მე-6 საუკუნეში ქართველური ტომები აშენებდნენ თხილის გარეულ ფორმებს.

დღეისთვის გავრცელებული რამდენიმე ათეული აბორიგენული ჯიშის სახელწოდებები - შველისყურა, ანაკლიური, გულშიშველა, ხაჭაპურა, ნემსა და მრავალი სხვა მათ ადგილობრივ წარმოშობაზე მიგვითითებს.

თხილი ზიანდება სხვადასხვა მავნე ორგანიზმებით (დაავადებები, მავნებლები, სარეველები).

 

თხილის სარეველებია: ეწრის გვიმრა (Pteridium tauricumPresl. V. Kreez.), ჩადუნა (Dryopteris Adans.), მაყვალი (Rubus L.), ეკალღიჭა (Smilax excelsaL.), გრაკლა (SpiraeaL.), ოქროწკეპლა (Solidago virga aureaL.), კაროლინის ძაღლყურძენა (Solanum carolinenseL.), ავშანფოთლიანი ამბროზია (Ambrosia artemisiifoliaL.), მწვანე ძურწა (Setaria viridis (L.) P. B.), ყვითელი ძურწა (Setaria glauca(L.) P. B.), მწყერფეხა (Digitaria sanguinalis (L.) Scop.), ჯიჯლაყა (Amaranthus retroflexusL.), ღიღილო (Centaurea depressa M. B.), ნაცარქათამა (Chenopodium album L.),  გვირილა (Pyrethrum), მინდვრის მდოგვი (Sinapis arvensis L.), ღიჭა (Sonchus L.), მინდვრის ნარი (Cirsium arvense(L.) Scop.), ჩაქვის ბალახი (Pollinia imberbis Nees), ბურჩხა (Echinochloa crus-galli(L.) R. et Sch.) და სხვა.

 

ქვემოთ მოცემულია ზოგიერთი მათგანის მოკლე დახასიათება.


ეწრის გვიმრა - Pteridium tauricum Presl. V. Kreez. 

მრავალწლიანი, სპოროვანი, ფესურიანი, აბეზარი, ძნელად აღმოსაფხვრელი მცენარეა გვიმრასებრთა ოჯახიდან, რომლის სიმაღლე 2 მ-მდე აღწევს. ფესურა - მხოხავი, ფოთოლი  - 2-3-ჯერ ფრთისებრდანაკვთულია, ქვედა მხარე წითური ხშირი ბუსუსებითაა შებუსული, მრავლდება ფესურითა და სპორებით. სპორები ივლის-აგვისტოში მწიფდება.  ასარევლიანებს საძოვრებს, ჩაის პლანტაციებსა და ციტრუსოვანთა ბაღებს. არასასიამოვნო სუნის გამო აფრთხობს ბევრ მწერს, მის ფოთლებთან ობის სოკო ვერ ვითარდება.

 

ჩადუნა - Dryopteris Adans. 

მრავალწლოვანი, ბალახოვანი, სპოროვანი, ფესურიანი, შხამიანი მცენარეა კალამურასებრთა ანუ ნამდვილი გვიმრების ოჯახიდან, სიმაღლით 1 მ-მდე სიმაღლის. მიწის ზევით განვითარებული ღერო არ გააჩნია. ფესურა კი კარგადაა განვითარებული და ძველი ფოთლების ყუნწების ძირებსა და მრავალ თხელშრიან ქერქშია გახვეული. კენტფრთართული დიდი ზომის ფოთლები ფესვის ყელთან ჯგუფურადაა შეკრებილი; ახალგაზრდა ფოთლები სპირალურადაა დახვეული და ზრდის მსვლელობაში თანდათან სწორდება. 

 

მაყვალი - Rubus L.

მრავალწლიანი, ბუჩქოვანი მცენარეა ვარდისებრთა ოჯახიდან,  ხვიარა ბუჩქია, აქვს ეკლებით ან ჯაგრებით მოფენილი გრძელი ღეროები. პირველი წლის ყლორტებზე მხოლოდ ფოთლებია, მეორე წლის ყლორტებზე კი — ყვავილები და ნაყოფები. ყვავილები მარტოულია, უფრო იშვიათად ყვავილედად შეკრებილი. ნაყოფი -  წითელი ან მოწითალო-მოშავო წვნიანი კენკრა. 


ეკალღიჭა  - Smilax excelsa L. 

მრავალწლიანი, მარადმწვანე, ხვიარა, ბუჩქოვანი მცენარეა 30-50 სმ სიმაღლის, აქვს ძლიერი ფესურა, ფესვები ვრცელდება 1 მ-მდე, ღერო დაფარულია ეკლებით, ფოთლები  - სამკუთხა-კვერცხისებრი ან მომრგვალო-კვერცხისებრი, ფუძე გულისებრი, რკალური დაძარღვით, წაწვეტებული, ყუნწიანი, დამახასიათებელია ორი ულვაში, ყვავილი თეთრი, პატარა, შეკრული ქოლგად, ნაყოფი - მრგვალი, წითელი კენკრა.


გრაკლა  - Spiraea L. 

მრავალწლიანი, ბუჩქოვანი მცენარეა ვარდისებრთა ოჯახიდან,  1-1,5 მ სიმაღლის, ფესვები - ფუნჯა; ფოთლები მოგრძო-კვერცხისებრი, მორიგეობით განლაგებული, დაკბილული, ყუნწიანი; თეთრი ან ვარდისფერი ყვავილები, ქოლგისებრ ან ფარისებრ ყვავილედებში თავმოყრილი; ნაყოფი - სუსტად შებუსული მრავალფოთლურა; თესლი - ბრტყელი, ლანცეტისებრი, ყავისფერი, სიგრძე 1.5-2 მმ, სიგანე 0.5 მმ.


ოქროწკეპლა - Solidago virga aurea L. 

მრავალწლიანი, ფესურიანი, ბალახოვანი სარეველა მცენარეა რთულყვავილოვანთა ოჯახიდან. ღერო - სწორმდგომი, შეფოთლილი, შებუსული, 30-100 სმ სიმაღლის; ფოთლები - მორიგეობით განლაგებული, ელიფსური, კიდედაკბილული, ფესვთანური ფოთლები მოგრძო კვერცხისებრი ან ფართო, ნიჩბისებური, ზედა კი - ლანცეტაა, მჯდომარე; ყვავილედი - კალათა, 10-15 მმ, ყვავილი ყვითელი, ყვავილობს მაისიდან სექტემბრამდე, თესლი მწიფდება ივნისიდან ოქტომბრის ბოლომდე; თესლურა - ცილინდრული, 3-4 მმ, შებუსული, მუქი ფერის ქოჩრით 4-5 მმ სიგრძის. 

 

კაროლინის ძაღლყურძენა - Solanum carolinense L. 

მრავალწლიანი ფესვნაყარი სარეველაა, წააგავს კარტოფილს. საქართველოში შეზღუდულად გავრცელებული საკარანტინო სარეველაა. ღერო სწორი, 30-120 სმ სიმაღლის, მსხვილი, დატოტვილი ვარსკვლავისებური ბეწვებით და მაგარი, მოყვითალო ეკლებით. ყვავილები მოთეთრო ან იასამნისფერი, ნაყოფი კენკრაა, მოყვითალო ან ნარინჯისფერი, მრგვალი, გლუვი ზედაპირით (1,5-2 სმ). კენკრაში 40-60 თესლია. თესლის სიგრძე 2-3 მმ, ოვალური, მკერდშეჭყლეტილი, ყვითელი ან ყავისფერი, ფოსოებიანი ზეადპირით. მცირე ზომის ჭიპი მოთავსებულია თესლის წიბოზე.

 

ჩაქვის ბალახი - Pollinia imberbis Nees 

ერთწლიანი სარეველა მცენარეა მარცვლოვანთა ოჯახიდან, აქვს გრძელი, წვრილი ფესვები; ღეროს სიგრძე 40-100 სმ, დატოტვილი, აღმავალი, შეუბუსავი, შეიძლება დაფესვიანდეს; ფოთლები ლანცეტისებური, სუსტად შებუსული, მწვანე; ყვავილედი - თავთავი, ლანცეტისებური, 4,5-6 მმ სიგრძის, ყვავილობს ზაფხულის ბოლოს. მარცვალი ელიფსური, მოყვითალო-მოწითალო, ზომით 2.8-3 მმ, მწიფდება სექტემბერ-ოქტომბერში.


 

 

ავტორები:


ნინო დათუკიშვილი
სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის
მცენარეთა მავნე ორგანიზმების დიაგნოსტიკის
დეპარტამენტის ფიტოპათოლოგიის ლაბორატორიის
მთავარი სპეციალისტი

მაია გიორბელიძე
სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის
მცენარეთა მავნე ორგანიზმების დიაგნოსტიკის
დეპარტამენტის ფიტოპათოლოგიის ლაბორატორიის
მთავარი სპეციალისტი