ვებ გვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში
შშმ პირებზე ადაპტირება

სსიპ სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორია

english

მარწყვის სარეველები

მარწყვი მნიშვნელოვანი კენკროვანი კულტურაა. იგი ფართოდაა გავრცელებული მთელ მსოფლიოში. მისი ნაყოფი გემრიელი და არომატულია. ის მდიდარია ვიტამინებით (A, C, K, E, B6,), მიკროელემენტებით (Ca, Mg, Fe, I, Co, P და სხვ.), ორგანული მჟავებით, ნახშირწყლებით, მინერალური ნივთიერებებით, გამოირჩევა კვებითი, გემური, სამკურნალო, ანტიოქსიდანტური თვისებებით. ნაყოფი იყენებენ როგორც ნედლი სახით, ასევე მურაბის, მარმელადის, ნაყინის, ტკბილეულის და ლიქიორის წარმოებაში, აგრეთვე შესაძლებელია მისი გაყინული სახით შენახვა, კონსერვისა და წვენის მომზადება.
მარწყვის სამშობლო ჩრდილოეთი დ სამხრეთი ამერიკაა, ყველაზე მსხვილი მწარმოებლებია: აშშ, ახალი ზელანდია, ევროპა, ავსტრალია, იაპონია. საქართველოში იგი მოჰყავთ როგორც ღია, ისე დახურულ გრუნტში.
მარწყვი ზიანდება სხვადასხვა მავნე ორგანიზმით, რომელთაგან აღსანიშნავია სარეველები. მარწყვის ძირითადი სარეველებია: ბალბა (Malva sylvestris L.), გაზაფხულის თავყვითელა (Senecio vernalis W. et K.), ცხენისკუდა (Erigeron canadensis L.), ბერულა (Gnaphalium purpureum L.), ღიჭა (Sonchus arvensis L.), ღორის ქადა  (Lactuca serriola L.), ბაყაყურა (Silybum marianum L.), ხვართქლა (Convolvulus arvensis L.), თავნასკვა (Cyperus L.), იონჯა (Medicago sativa L.), თეთრი (Melilotus alba Desr.) და ყვითელი ძიძო (Melilotus officinalis L.), გლერტა (Cynodon dactylon  (L.) Pers.) და სხვა. 
ქვემოთ მოცემულია მათი მოკლე დახასიათება.

ბალბა - Malva sylvestris L.

ორწლიანი ბალახოვანი მცენარეა ბალბასებრთა ოჯახიდან. ფესვი - მთავარღერძა; ღერო - სწორი, დატოტვილი, შებუსული, 30-120 სმ-მდე; ფოთლები - მორიგეობით განლაგებული,  გრძელი ყუნწით, 5-7 ფრთისებრდანაკვთული, ხერხისებრ დაკბილული; ყვავილი - მოვარდისფრო-იასამნისფერი, 1-5 ცალის რაოდენობით, ფოთლის იღლიებში განლაგებული, ყვავილობს ივლისიდან სექტემბრის ბოლომდე; თესლი     მომრგვალო - თირკმლისებური, შეჭყლეტილი, გლუვი, მოყავისფრო, სიგრძე და სიგანე 1.75-2 მმ, მწიფდება არათანაბრად, აგვისტოდან ყინვების დაწყებამდე. 

გაზაფხულის თავყვითელა - Senecio vernalis W. et K.

საგაზაფხულო ერთწლიანი ბალახოვანი სარეველაა რთულყვავილოვანთა ოჯახიდან. ფესვი - მთავარღერძა; ღერო - მარტივი, ზედა ნაწილში დატოტვილი, შებუსული 10-60 სმ სიმაღლის; ფოთლები - ყუნწიანი, მოგრძო, ფრთისებრდანაკვთული; ყვავილედი -კალათა, ყვავილი - ყვითელი, ყვავილობს მარტიდან ივნისამდე; თესლურა ცილინდრული, 2-3 მმ სიგრძის, ერთ მცენარეზე ვითარდება 40 000 თესლი.

ცხენისკუდა - Erigeron canadensis L.

ერთწლიანი ბალახოვანი სარეველაა რთულყვავილოვანთა ოჯახიდან. ღერო - სწორმდგომი, მწვანე, მარტივი, ზედა ნაწილში დატოტვილი, შებუსული, 15-150 სმ სიმაღლის; ფოთლები - ლანცეტისებური, მწვანე, შებუსული; ყვავილი ღია ყვითელი, 2.5-3 მმ, ყვავილობს ივლის-აგვისტოში; თესლურა ლანცეტისებური, მოყვითალო,  სიგრძე 1.2-1.5 მმ, სიგანე 0.2-0.3 მმ, ქოჩორი 2.5-3 მმ.

ღიჭა - Sonchus arvensis L.      

მრავალწლიანი, ფესვნაყარი, აბეზარი სარეველაა რთულყვავილოვანთა ოჯახიდან, სიმაღლით  150-170 სმ; ფესვი - მთავარღერძა, ნიადაგში ვრცელდება 4 მ-ზე, ჰორიზონტალურად -  1 მ-ზე; ღერო  - სწორმდგომი, ეკლიანი; ფოთლები - დაკბილული; ივითარებს ყვითელ, ბაბუაწვერას მსგავს  ყვავილებს; ნაყოფი - მოგრძო-ოვალური თესლურაა, ნაოჭიანი, ოდნავ მოხრილი, მუქი ყავისფერი, სიგრძე 2.5-3.2 მმ, სიგანე 0.7-1.2 მმ, ერთ მცენარეზე ვითარდება 6000-20000 თესლი, სიცოცხლისუნარიანობა 5 წელი.

ღორის ქადა - Lactuca serriola L.

ორწლიანი ბალახოვანი სარეველა მცენარეა რთულყვავილოვანთა ოჯახიდან; ფესურა ვრცელდება ჰორიზონტალურად და ვერტიკალურად; ღერო - სწორმდგომი, ეკლიანი, უხეში, სიმაღლე 60-150 სმ, შეიცავს რძისებურ სითხეს; ფოთოლი - მჯდომარე მონაცრისფრო - მწვანე, დაკბილული; ყვავილედი - კალათა, ყვავილი წვრილი ყვითელი, ყვავილობს ივნის-სექტემბერში;  ნაყოფი - თესლურა, უკუკვერცხისებრი, ყავისფერი, თეთრი საფრენით, ჭიპი მომრგვალებული, ზედაპირი დანაოჭებული, სიგრძე 3-3.25 მმ, სიგანე 1-1.25 მმ.


ბაყაყურა - Silybum marianum L.

ორწლიანი, ეკლიანი, ბალახოვანი სარეველა მცენარეა რთულყვავილოვანთა ოჯახიდან; ღერო - მარტივი ან დატოტვილი, შეუბუსავი, 1-1.5 მ სიმაღლის; ფოთლები - მორიგეობით განლაგებული, ელიფსური, ფრთისებრდანაკვთული, ეკლიანი, ფირფიტა მწვანე ფერისაა თეთრი ლაქებით, მბზინავი; ყვავილი - იასამნისფერი, ვარდისფერი ან თეთრი, შეკრებილი კალათა ყვავილედად, ყვავილობს ივლის-აგვისტოში; თესლურა უკუკვერცხისებრი, ოდნავ შეჭყლეტილი, თეთრიდან ყავისფრამდე შეფერვის,  თეთრ ან ღია ყვითელ თესლებს აქვთ ყავისფერი ზოლები, სიგრძე 5-7 მმ, სიგანე 3.25 მმ.

გლერტა - Cynodon dactylon  (L.) Pers.

მრავალწლიანი, ფესურიანი, ბალახოვანი სარეველაა მარცვლოვანთა ოჯახიდან 15-50 სმ სიმაღლის; ღერო - დატოტვილი, სწორი;  ფოთლები - ლანცეტისებური, უხეში; ყვავილედი  - თავთავი წვრილი. კილიანი მარცვალი მოგრძო - კვერცხისებური, სიგრძე 2.25-2.75 მმ, სიგანე 0.5-0.75 მმ; მარცვალი ოვალურ - კვერცხისებრი, ყავისფერი, სიგრძე 1.25-1.75 მმ, ერთი მცენარე იძლევა 10000 თესლს, რომელიც სიცოცხლისუნარიანობას ინარჩუნებს 10 წელიწადს. 

თავნასკვა - Cyperus L.

მრავალწლიანი, ბალახოვანი მცენარეა ისლისებრთა ოჯახიდან; ღერო - სწორი, 10-80 სმ სიმაღლის; ფოთლები - ხაზურა, მჯდომარე; ყვავილედი - ქოლგისებური; ნაყოფი - მოგრძო კაკლუჭა.


ჩვეულებრივი იონჯა - Medicago sativa L.

ბალახოვანი მცენარეა პარკოსანთა ოჯახიდან. ფესურა - ძლიერი, სქელი, ნიადაგში ღრმად ვრცელდება; ღერო - სწორმდგომი, შიშველი ან სუსტად შებუსული, ზედა ნაწილში ძლიერ დატოტვილი, 80 სმ სიმაღლის; ფოთოლი - სამფოთოლაკიანი, ყუნწიანი, მოგრძო უკუკვერცხისებური, კიდემთლიანი; ყვავილი - იასამნისფერი, ყვავილობს მაის-ივნისში; პარკი სპირალურად დახვეული 2-4-მაგად, თესლი მოგრძო თირკმლისებური, ჭიპი მრგვალი, თეთრი, მუქი არშიით, ზედაპირი გლუვი, ყვითელი, მოყვითალო - ყავისფერი, სიგრძე 2-2.75 მმ, სიგანე 1.25-1.5 მმ.



თეთრი ძიძო  - Melilotus alba Desr.

პარკოსანთა ოჯახის წარმომადგენელია, 2 მ-მდე იზრდება; ფესვი  - მთავარღერძა, ნიადაგში 2 მ-ზე ვრცელდება; ფოთლები - სამნაკვთიანი, მორიგეობით განლაგებული; ყვავილი - თეთრი, წვრილი, შეკრებილი მტევნებად;  ნაყოფი - დანაოჭებული, ოვალური ფორმის პარკია, ღია ან მუქი ნაცრისფერი, 1-2 თესლით, სიგრძე 2.75 – 3.5 მმ, სიგანე 1.75-2.25 მმ, თესლი მოგრძო თირკმლისებური, გვერდიდან შეჭყლეტილი, ჭიპი მომრგვალებული, ზედაპირი გლუვი, ყვითელი, მოყვითალო-მწვანე, მოყვითალო-ყავისფერი, სიგრძე 1.75-2.25 მმ, სიგანე 1.25-1.5 მმ.

ყვითელი ძიძო -Melilotus officinalis L.

ორწლიანი, ბალახოვანი მცენარეა პარკოსანთა ოჯახიდან; ფესვი - მთავარღერძა; ფოთოლი - რთული, სამნაკვთიანი, ლანცეტისებური, დაკბილული; ყვავილი - წვრილი, ყვითელი, ყვავილობს ივნის-სექტემბერში; ნაყოფი - პარკი, უკუკვერცხისებური, სიგრძით 3-4 სმ, რომელშიც ერთი, იშვიათად ორი თესლია, მწიფდება აგვისტოდან; თესლი კვერცხისებრი ფორმის, გლუვი ან ოდნავ ჩაღრმავებული, მუქი მოყვითალო, ღია ყავისფერი, სიგრძე 1.75-2.25 მმ, სიგანე 1-1.25 მმ, ჭიპი მრგვალი, ნათელი, მცირე ზომის; თესლი ინარჩუნებს სიცოცხლისუნარიანობას 6-7 წელს; ზამთარგამძლე და გვალვაგამძლე მცენარეა.   

ბერულა - Gnaphalium purpureum L.

მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა რთულყვავილოვანთა ოჯახიდან. ღერო - სწორი, მარტივი, ბუსუსებით დაფარული, 20-30 სმ სიმაღლის; ქვედა ფოთლები ლანცეტისებური; პატარა ცილინდრული კალათები სათითოოდ სხედან ზედა ფოთლების უბეებში; აქვს მოყვითალო-მოთეთრო ყვავილები, ყვავილობს ივლისიდან სექტემბრამდე. თესლები (თესლურა) - წვრილი, მოგრძო თითისტარისებური, ოდნავ ჩაჭყლეტილი, წვერისკენ ოდნავ შევიწროებული, თესლის წვერს გააჩნია ადვილად ცვენადი ქოჩორი, ერთგვაროვანი  ბუსუსებით, ზედაპირი გლუვი, მომწვანო-ნაცრისფერი, ღია ყავისფერი, სიგრძე 0,5-0,8 მმ, სიგანე 0,2 მმ. ხარობს ნესტიან ნიადაგებში. 

 

ავტორები:

 

მაია გიორბელიძე
სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორი Ph.D,
სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის
ფიტოპათოლოგიის ლაბორატორიის მთავარი სპეციალისტი

 

ნინო დათუკიშვილი
სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორი Ph.D,
სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის
ფიტოპათოლოგიის ლაბორატორიის მთავარი სპეციალისტი