ვებ გვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში
შშმ პირებზე ადაპტირება

სსიპ სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორია

english

დასავლეთ საქართველოში გავრცელებული სარეველა მცენარეები

დასავლეთ საქართველოს ტენიანი სუბტროპიკული კლიმატი, პერიოდული ყინვიანი ზამთარი, ნალექების უხვი რაოდენობა ხელს უწყობს მცენარეული საფარის და მათ შორის სარეველა მცენარეების მრავალფეროვნებას.

ქვემოთ მოცემულია დასავლეთ საქართველოში გავრცელებული ზოგიერთი სარეველა მცენარის მოკლე დახასიათება.

 

ბოსტნის ია - Veronica persica Poir.

ერთწლიანი, ბალახოვანი მცენარეა მრავალძარღვასებრთა ოჯახიდან; ღერო - მხოხავი, სუსტი, დატოტვილი, ცილინდრული, შებუსული, 10-70 სმ სიგრძის; ფოთოლი - მოპირდაპირედ განლაგებული, კვერცხისებური, ზედა - მჯდომარე, დანარჩენი - ყუნწიანი, დაკბილული; ყვავილი - ცისფერი, 15 მმ დიამეტრის, ყვავილობს გაზაფხულ-ზაფხულში; ნაყოფი - კოლოფი, თესლი მოგრძო, სუსტად დანაოჭებული, სიგრძე 1.5-2.5 მმ.

 

საპონელა - Anagallis arvensis L.

ერთწლიანი, ბალახოვანი, შხამიანი სარეველაა, განსაკუთრებით შხამიანია ფესვები, რადგან შეიცავს საპონინებს. ფესვი - მთავარღერძა, წვრილი; ღერო - მხოხავი, 5-30 სმ სიგრძის; ფოთლები - მოპირდაპირედ მჯდომარე, კიდემთლიანი; ყვავილები - წითელი, ცისფერი ან თეთრი, ვითარდება ფოთლის უბესთან, დიამეტრით 10-15 მმ; ნაყოფი - კოლოფი, მომრგვალო, ერთბუდიანი, თესლი მცირე ზომის, მწიფდება აგვისტოდან ოქტომბრის ბოლომდე.

 

გოქშო - Dipsacus laciniatus L.

ორწლიანი, ბალახოვანი, სარეველა მცენარეა ცხრატყავასებრთა ოჯახიდან; ღერო - სწორი, წახნაგოვანი, ეკლიანი, 50-150 სმ სიმაღლის; ფოთლები: ფესვთანური - მოკლეყუნწიანი, მოგრძო-კვერცხისებრი, ფრთისებრდანაკვთული ან დაკბილული, ღეროსეული - მჯდომარე, მოპირდაპირედ განლაგებული, მოგრძო, ეკლიანი; ყვავილედი - თავაკი, 5-8 სმ სიგრძის, ყვავილი  ღია იასამნისფერი ან თეთრი, სიგრძე 13 მმ, ყვავილობს ივნის-ივლისში, ნაყოფს იძლევა სექტემბერში.



დედაფუტკარა - Stachys  L.

მრავალწლიანი, ფესურიანი, შხამიანი მცენარეა ტუჩოსანთა ოჯახიდან; ღერო - სწორი, მეჩხერი ბუსუსებით დაფარული, სიმაღლით 35-120 სმ, ფოთოლი - მოგრძო ელიფსური ან ლანცეტა, მორიგეობით განლგებული; ყვავილები - მოწითალო - იასამნისფერი, რთული, თავთავისებრ ყვავილედებად შეკრებილი, ყვავილობს ივნის-ივლისში;  ნაყოფი - მუქი ყავისფერი, კვერცხისებრი, 1.5 მმ, მწიფდება აგვისტოში.

 

აბზინდა - Artemisia absinthium L.

მრავალწლიანი, ბალახოვანი, ფესურიანი მცენარეა რთულყვავილოვანთა ოჯახიდან, ახასიათებს სპეციფიკური სუნი და მწარე გემო.  ფესვი - ფუნჯა; ღერო - სწორმდგომი, ზედა ნაწილში დატოტვილი, ცილინდრული, 1 მ სიმაღლის, მოვერცხლისფრო-ნაცრისფერი; ფოთლები - ფესვთან განლაგებული სამჯერ ფრთისებრგანკვეთილია, ღეროს ფოთლები - ორჯერ ფრთისებრგანკვეთილი, ზედა ფოთლები სამნაკვთიანი ან მთლიანი, მორიგეობით განლაგებული; ყვავილედი - კალათა, სფეროსებური, 2.5-3.5 მმ დიამეტრით, ყვავილი ყვითელი, წვრილი, მილისებური, ყვავილობს ივნის-ივლისში;  თესლურა ყავისფერი, მოგრძო ცილინდრული, 1 მმ,  მწიფდება აგვისტო-სექტემბერში. გამოიყენება მცენარეთა დაცვაში, ხალხურ ვეტერინარიასა და  მედიცინაში.

 

ორკბილა - Bidens tripartita L.

ერთწლიანი, ბალახოვანი სარეველაა რთულყვავილოვანთა ოჯახიდან. ფესვი - მთავარღერძა, ძლიერ დატოტვილი, წვრილი; ღერო - ერთეული, სწორმდგომი, მოწითალო, 60-90 სმ; ფოთლები - მოპირდაპირე, მოკლე ყუნწით, სამნაკვთიანი, ლანცეტისებური, კიდედაკბილული, შიშველი მუქი მწვანე; ყვავილედი - კალათა, 1.5 მმ დიამეტრის, ყვავილი ყვითელი, ყვავილობს ივნისის ბოლოდან სექტემბრამდე;  თესლურა - უკუკვერცხისებრი, ყავისფერი, 2 ქაცვით, ჭიპი შეჭყლეტილი, ოვალური, სიგრძე ქაცვების გარეშე 5-8 მმ, სიგანე 2-3 მმ, ქაცვების სიგრძე 3-4 მმ, თესლი მწიფდება სექტემბრის ბოლოს ოქტომბერში,  ერთ მცენარეზე ვითარდება 250 თესლი.

 

ეწრის გვიმრა - Pteridium tauricum Presl. V. Kreez.

მრავალწლიანი, სპოროვანი, ფესურიანი, ძნელად აღმოსაფხვრელი მცენარეა გვიმრასებრთა ოჯახიდან, რომლის სიმაღლე 2 მ-მდე აღწევს. ფესურა - მხოხავი, ფოთოლი  - 2-3-ჯერ ფრთისებრდანაკვთული, ქვედა მხარე წითური ხშირი ბუსუსებითაა შებუსული, მრავლდება ფესურითა და სპორებით. სპორები ივლის-აგვისტოში მწიფდება.


ლიკოპოდიუმი - Lycopodium clavatum L.

მრავალწლიანი, მარადმწვანე, ბალახოვანი მცენარეა ლიკოპოდიუმისებრთა ოჯახიდან, სიმაღლით 30-50 სმ;  ღერო და ტოტები მრავალრიცხოვანი, წვრილი, ლანცეტა ფოთლებით აქვს დაფარული, გრძელი, მხოხავი ღეროები მიწაზე თოკების მსგავსად დევს და ალაგ-ალაგ ფესვებითაა მიმაგრებული, ღეროს სიგრძე 1-3 მ, ღეროზე ამოდის განსაკუთრებული, მოგრძო, 2-3 თავთავისებრი წარმონაქმნით დაბოლოებული ტოტები, ამ თავთავებში სპორები ივლის-აგვისტოში მწიფდება.

 

მთის ჩადუნა - Dryopteris filix mas (L.) Schott.

გვიმრასებრთა ოჯახის წარმომადგენელია, 1 მ-დე სიმაღლის სპოროვანი, ფესურიანი, მრავალწლიანი მცენარეა, ფესურა კარგად აქვს განვითარებული და ძველი ფოთლების ყუნწების ძირებსა და მრავალ თხელშრიან ქერქშია გახვეული, მიწის ზემოთ განვითარებული ღერო არ გააჩნია; ფოთლები დიდი ზომის, კენტფრთართული, ფესვის ყელთა ჯგუფურადაა შეკრებილი, ახალგაზრდა ფოთლები სპირალურადაა დახვეული და ზრდისას თანდათან სწორდება, ძლიერ შხამიანი მცენარეა; მცენარეთა დაცვაში გამოიყენება ნემატოდების წინააღმდეგ.

 

ოქროწკეპლა - Solidago virgaurea L.


მრავალწლიანი, ფესურიანი, ბალახოვანი სარეველაა რთულყვავილოვანთა ოჯახიდან. ღერო - სწორმდგომი, შეფოთლილი, შებუსული, 30-100 სმ სიმაღლის; ფოთლები - მორიგეობითი, ელიფსური, კიდედაკბილული; ყვავილედი - კალათა, 10-15 მმ, ყვავილი ყვითელი, ყვავილობს მაისიდან სექტემბრამდე, თესლი მწიფდება ივნისიდან ოქტომბრის ბოლომდე; თესლურა - ცილინდრული, 3-4 მმ, შებუსული, მუქი ფერის ქოჩრით 4-5 მმ სიგრძის. ყვავილის მტვერი ალერგიის გამომწვევია.

 

ტყის ჭორტანა, კომელინა - Commelina communis L.

ერთწლიანი, ბალახოვანი მცენარეა; ფესვი - ფუნჯა; ღერო -  დატოტვილი, მხოხავი, 15-40 სმ-მდე სიმაღლის; ფოთლები - კვერცხისებურ-ლანცეტისებური, მჯდომარე, მორიგეობით განლაგებული, ყვავილი - ცისფერი, ყვავილობს ივნის-აგვისტოში; ნაყოფი - ორბუდიანი კოლოფი, თესლი - კვერცხისებური, სამწახნაგიანი, ბორცვიანი ზედაპირით, მონაცრისფრო - ყავისფერი, სიგრძე 2.5-3.5 მმ, სიგანე 1.5-2.5 მმ. ასარევლიანებს ხორბლეულს, წიწიბურას, სელს, ჩაისა და სუბტროპიკულ კულტურებს, ბოსტანს, ბაღებს.

 

შვიტა - Equisetum  L.

მრავალწლიანი, ბალახოვანი, ფესურიანი მცენარეა შვიტასებრთა ოჯახიდან; იზრდება ნოტიო ნიადაგზე; ფესურა მცოცავი, რუხი მოშავო; ღერო მკრთალი წაბლისფერი, 15-30 სმ სიმაღლის; ყვავილები არ აქვს;  მრავლდება ფესურით და სპორებით, რომლებიც აპრილ-მაისში მწიფდება;  თითქმის მთელ საქართველოშია გავრცელებული; ძნელად ამოსაძირკვი სარეველაა.



ჩაქვის ბალახი - Pollinia imberbis Nees

ერთწლიანი სარეველა მცენარეა მარცვლოვანთა ოჯახიდან, აქვს გრძელი, წვრილი ფესვები; ღეროს სიგრძე 40-100 სმ, დატოტვილი, აღმავალი, შეუბუსავი; ფოთლები ლანცეტისებური, სუსტად შებუსული, მწვანე; ყვავილედი - თავთავი, ლანცეტისებური, 4.5-6 მმ სიგრძის, ყვავილობს ზაფხულის ბოლოს; მარცვალი - ელიფსური, მოყვითალო-მოწითალო, ზომით 2.8-3 მმ, მწიფდება სექტემბერ-ოქტომბერში.


ლურჯი ნარი, ლურჯეკალა - Eringium coeruleum M. B.

მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა ქოლგოსანთა ოჯახიდან; ღერო - სწორი, შეუბუსავი, მოლურჯო, ზემოთ დატოტვილი, 50-მდე სიმაღლის; ფოთლები - მთლიანი ან ფრთისებრდანაკვთული, ტყავისებური, ეკლიანი; ყვავილი - პატარა, მოლურჯო-ცისფერი; ნაყოფი დაფარული ქერქლით.




ხებალახა - Solanum dulcamara L.

მრავალწლიანი შხამიანი მცენარეა ძაღლყურძენასებრთა ოჯახიდან, სიმაღლით 30-180 სმ, აქვს ფესურა; ღერო - გრძელი, კუთხოვანი, დატოტვილი, სუსტად შებუსული; ფოთოლი - მორიგეობით განლაგებული, მოგრძო-კვერცხისებრი, ბოლოწაწვეტებული, მთლიანი, აქვს არასასიამოვნო სუნი; ყვავილი - იასამნისფერი, იშვიათად თეთრი ან ვარდისფერი, ყვავილობს მაის-აგვისტოში; ნაყოფი - კენკრა, კვერცხისებური ან ელიფსური, წითელი, მბზინავი, მრავალთესლიანი, დიამეტრით 1 სმ, თესლი მრგვალი, ყვითელი ან მოყვითალო-ყავისფერი, გვერდებთან შეჭყლეტილი, სიგრძე 1.75-2.25 მმ, სიგანე 1.5-1.75 მმ, მწიფდება ივლის-სექტემბერში; ასარევლინებს ჩაის პლანტაციებს, ბაღებს და სხვა. 


ლაკარტია - Paspalum digitaria Poir.

მრავალწლიანი, ფესურიანი, ბალახოვანი სარეველა მცენარეა მარცვლოვანთა ოჯახიდან; ფესურა - მოკლე, მხოხავი; ღერო აღმავალი, 10-50 სმ სიმაღლის; ფოთლები - ხაზურა; ყვავილედი - თავთავი, ყვავილობს აგვისტოდან ოქტომბრის ბოლომდე; კილიანი მარცვალი  - კვერცხისებური, გლუვი, მბზინავი, სიგრძეზე სუსტად დაღარული (დანაოჭებული), ღია ყვითელი, ზოგჯერ ღია ნაცრისფერი, სიგრძე 2-2.25 მმ, სიგანე 1.25 მმ; თესლი (მარცვალი) - ოვალურ-კვერცხისებური, ზურგის მხრიდან ამობურცული, მუცლის მხარეს - შეწეული, ყავისფერი. ასარევლიანებს სიმინდს, ჩაის პლანტაციებს, ბრინჯს.  ნესტიან პირობებში მცენარე ავადდება სოკოვანი დაავადებით - ჭვავის რქა (Claviceps paspali ), პირუტყვი დაავადებული ლაკარტიათი ჭამისას ავადდება „ბანდალათი“.

 

გალინსონგა - Galinsoga parviflora Cav.

ერთწლიანი, ბალახოვანი, ფართოფოთლიანი, საგაზაფხულო სარეველა მცენარეა რთულყვავილოვანთა ოჯახიდან; ღერო - სწორმდგომი, შიშველი ან მცირედ შებუსული, ჩვეულებრივ დატოტვილი, სიმაღლით 10-100 სმ; ფოთლები - მოპირისპირედ განლაგებული, კვერცხისებური, კიდეებზე წვრილად დაკბილული; ყვავილედი - კალათა, პატარა ზომის, განაპირა ყვავილები თეთრია, შიდა - ყვითელი,ყვავილობს ივლის-სექტემბერში; თესლურა - მართკუთხედისებრი, 1-1.5 მმ სიგრძის, აქვს საფრენი, ერთ მცენარეზე ვითარდება 300 000 თესლი. გავრცელებულია ნათესებში, ტყისპირა მიდამოებში.                                                                                                                                   


ავტორები:

მაია გიორბელიძე

სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის
ფიტოპათოლოგიის ლაბორატორიის მთავარი სპეციალისტი

 

ნინო დათუკიშვილი

სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის
ფიტოპათოლოგიის ლაბორატორიის მთავარი სპეციალისტი