სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორია

english

ბაღჩეული კულტურების მავნე ორგანიზმები

ბაღჩეული კულტურები (საზამთრო, ნესვი, გოგრა, კიტრი, ყაბაყი და სხვ.) გოგრისებრთა ოჯახის წარმომადგენლებია, რომელშიც 1000-ზე მეტი სახეობა შედის, მათ სამშობლოდ ითვლება აზიის, აფრიკის, ამერიკის ტროპიკული და სუბტროპიკული ქვეყნები ისინი სითბოს მოყვარული და გვალვაგამძლე მცენარეებია, აქვთ ხანგრძლივი სავეგეტაციო პერიოდი, კარგად ხარობენ ყამირსა და ნასვენ მიწებზე, მსუბუქი მექანიკური შედგენილობის ნიადაგებზე.
ბაღჩეული კულტურები მოჰყავთ სასურსათო, საკვები და ტექნიკური მიზნებისთვის. ისინი დიდი რაოდენობით შეიცავენ შაქრებს, A, B, C ვიტამინებს, გოგრის თესლი შეიცავს 50%-მდე ზეთს.
ბაღჩეული კულტურები ზიანდება სხვადასხვა მავნე ორგანიზმებით (დაავადებებით, მავნებლებით, სარეველებით).  დაავადებებიდან აღინიშნება სოკოვანი, ბაქტერიული და ვირუსული დაავადებები. სოკოვანი დაავადებებიდან გავრცელებულია: ანთრაქნოზი (Colletotrichum lagenarium (Pass.) El. et Hals.), ფუზარიოზული ჭკნობა (Fusarium oxysporum Schlecht. Emend Snyd et Hans.), ჭრაქი (Pseudoperonospora cubensis Berk. Et Curt.), ნაცარი (Podosphaera xanthii  Braun.), ასკოქიტოზი (Ascochyta melonis Pot.), ნაცრისფერი ობი (Botrytis cinerea Pers.), ალტერნარიოზი (Alternaria cucumerina Ell. et Ev.) , რიზოქტონიოზი (Rhizoctonia solani Kuhn.), ქეცი (Cladosporium cucumerinum  Ellis.) და სხვ; ბაქტერიულიდან - კუთხოვანი ბაქტერიული ლაქიანობა (Pseudomonas syringae pv. Lachrymans), ბაქტერიული ჭკნობა (Erwinia tracheiphila  Smith.); ვირუსულიდან - კიტრის ჩვეულებრივი და მწვანე მოზაიკის ვირუსი. ქვემოთ წარმოგიდგენთ ძირითად მათგანს:

ანთრაქნოზი - Colletotrichum lagenarium (Pass.) El. Et Hals.

ავადდება გოგროვანთა (საზამთრო, ნესვი, კიტრი, გოგრა) ფოთლები, ნაყოფები სხვადასხვა სიძლიერით. დაავადება ფოთლებზე ჩნდება მოყვითალო ლაქების სახით, რომლებიც შემდეგში ადვილად ხმება და იშლება; ნაყოფი სიმწიფის პერიოდში ავადდება, ჯერ ქვედა, ხოლო შემდეგ ზედა მხრიდან იფარება სხვადასხვა ზომის ლაქებით, რომლებზეც მეჭეჭები ვითარდება. დაავადებული ნაყოფები ლპება. სოკო ძლიერ ვითარდება 22-270C ტემპერატურაზე. დაავადებას ხელს უწყობს ჰაერის მაღალი ტენიანობა.


ფუზარიოზული ჭკნობა - Fusarium oxysporum Schlecht. Emend Snyd. Et Hans.

დაავადება ვლინდება ფესვის ყელის ლპობით და მცენარის ჭკნობით. აღნიშნული სოკო ნიადაგის ბინადარია, იგი ინტენსიურად ვითარდება 25-300C-ზე, ნიადაგის ტენიანობა 50-80% იდეალურია სოკოს განვითარებისთვის, ფესვებიდან იჭრება მცენარეში, ვრცელდება გამტარ  ჭურჭლებში, იწვევს მათ დაცობას, რის გამოც მცენარე ჭკნება და იღუპება.

 

ჭრაქი - Pseudoperonospora cubensis Berk. Et Curt.

საშიში დაავადებაა; სოკო აავადებს გოგროვნებს როგორც ღია, ისე დახურულ გრუნტში. ფოთლის ზედაპირზე ჩნდება მოყვითალო ფერის კუთხოვანი ლაქები, რომლებიც შემდეგ დიდდება და ერთიანდება. მაღალი ტენიანობის დროს ფოთლის ქვედა მხარეზე წარმოიქმნება მონაცრისფრო ფიფქი, რაც სოკოს ნაყოფიანობას წარმოადგენს. ფოთლები მუქდება და ხმება. 

 

ნაცარი - Podosphaera xanthii  Braun.

აავადებს ყველა გოგროვანს. სიმპტომები ვლინდება მოძველებულ, ხნიერ ფოთლებზე, აგრეთვე ჩრდილში მყოფ ფოთლებზე. ფოთლები ორივე მხრიდან დაფარულია ფიფქით, თითქოს  ტალკისებრი ფხვნილია. ძლიერი დაავადებისას ფიფქით იფარება ღერო, ნაყოფები. ფოთლები ყვითლდება, ყავისფერდება და ხმება. განსაკუთრებით ძლიერ ვითარდება დაავადება მსხმოიარობის დასაწყისიდან, აგრეთვე ხშირი ნარგაობის დროს. 
ბაღჩული კულტურების ძირითადი მავნებლებია: ბაღჩის ბუგრი (Aphis gossypii Glov.), აბლაბუდიანი  ტკიპა (Tetranychus urticae Koch.), მავთულა და ცრუმავთულა ჭიები, ნესვის ბუზი (Myiopardalis pardalina Biget.), თამბაქოს თრიფსი (Thrips tabaci Lind.) და სხვ.

 

ბაღჩის ბუგრი - Aphis gossypii Glov.

ბუგრები სახლდებიან ფოთლის ქვედა მხარეს, წუწნიან უჯრედის წვენს, რის შედეგად ფოთლები ხუჭუჭდება, ყლორტები დეფორმირდება, ყვავილები და ნასკვები ცვივა.  ზიანის მომტანია იმაგო და მატლი. ბუგრები ითვლებიან მოზაიკის ვირუსის გადამტანებად. ბუგრების გავრცელებას ხელს უწყობენ სარეველები, ზამთრობენ მცენარის ნარჩენებზე. ბაღჩის ბუგრი მოყვითალო ან მომწვანოა, უფროსი ასაკის ბუგრი არის ფრთიანი და უფრთო. მატლი ღია მწვანეა, შემდეგ კი მოყვითალო-მწვანე ფერს იღებს. წელიწადში 15-20 თაობას იძლევა.

 

აბლაბუდიანი ტკიპა - Tetranychus urticae Koch.

ძლიერ საშიში მავნებელია, იგი გაზაფხულზე კვერცხებს დებს ფოთლის ქვედა მხარეზე და აბამს აბლაბუდას ქსელში; ტკიპა და მისი მატლები წუწნიან ფოთლებს, ფოთლის და ნაყოფის ყუნწებს, აჩენენ მათზე წინწკლებს, ფოთლები უფერულდება და ცვივა. ძალიან საშიშია დახურულ გრუნტში. განსაკუთრებით მაღალია მავნეობა ცხელ ამინდში. სეზონზე იძლევა 10 თაობას, დახურულ გრუნტში 15 თაობას. ტკიპა პატარა ზომისაა, მოყვითალო-მწვანე ფერის, გადაზამთრებული მდედრი ტკიპები მოწითალო-სტაფილოსფერია; კვერცხები მომწვანო-მოყვითალო, მრგვალი, მცირე ზომის.  ტკიპა იზამთრებს ნიადაგში, სარეველებზე, მცენარეულ ნარჩენებზე; მისი განვითარებისთვის ოპტიმალური ტემპერატურაა 25-300 C, ტენიანობა 35-55%,  მაღალი ტენიანობა (80%) ხელს უშლის მის განვითარებას.


ნესვის ბუზი - Myiopardalis pardalina Biget.

ძირითადად აზიანებს ნაყოფებს, მათზე ჩნდება წვრილი, ამობურცული ლაქები, დაზიანებული ნაყოფები ლპება.  იზამთრებს ნიადაგში ჭუპრის სახით; გაზაფხულზე ბუზების გამოფრენა იწყება ნესვის ყვავილობის დროს; ბუზი ჩხვლეტს ფოთოლს ან ნაყოფს და წყვენით იკვებება. კვერცხვის დასადებად იგი არჩევს კაკლისოდენა ნაყოფს.  მატლები ზრდის დასრულების შემდეგ ჩადიან  ნიადაგში დასაჭუპრებლად. წელიწადში იძლევა 3 თაობას.

 

თამბაქოს თრიფსი - Thrips tabaci Lind.

ძლიერ საშიში მავნებელია ღია და დახურული გრუნტის. ყვითელი, ყავისფერი, ვიწრო ფორმის მწერია;  იმაგო წუწნით აზიანებს ფოთლებს, რომლებზეც ჩნდება გამჭვირვალე ლაქები; იზამთრებს ნიადაგში ან მცენარეულ ნარჩენებზე ზრდასრული ფორმაში. ოპტიმალური ტემპერატურა თრიფსის განვითარებისათვის 25-300 C-ია. წელიწადში იძლევა 3-5 თაობას, დახურულ გრუნტში - 6-8 თაობას.
ბაღჩეულ კულტურებში გავრცელებულია სხვადასხვა  სარეველები:  ღიჭა (Sonchus arvensis L.), ღორის ქადა (Lactuca serriola L.) , ჯიჯლაყა (Amaranthus retroflexus L.), ნაცარქათამა (Cheopodium album L.),  ძაღლყურძენა (Solanum nigrum L.), დანდური (Portulaca oleracea L.), ბურჩხა (Echinochloa crus-galli (l.) R. et Sch.), მწვანე ძურწა (Setaria viridis (L.) P.B.) და სხვა. 

 

 ღიჭა - Sonchus arvensis L.

მრავალწლიანი ფესვნაყარი სარეველაა რთულყვავილოვანთა ოჯახიდან, სიმაღლით  150-170 სმ; ფესვი - მთავარღერძა, ნიადაგში ვრცელდება 4 მ -ზე, ჰორიზონტალურად -  1 მ -ზე; ღერო  - ეკლიანი; ფოთლები - დაკბილული; ივითარებს ყვითელ, ბაბუაწვერას მსგავს  ყვავილებს. ერთ მცენარეზე ვითარდება  6000-20000 ცალი. თესლის სიცოცხლისუნარიანობა 5 წელი.

 

ღორის ქადა - Lactuca serriola L.

ორწლიანი ბალახოვანი მცენარეა რთულყვავილოვანთა ოჯახიდან, ფესურა ვრცელდება ჰორიზონტალურად და ვერტიკალურად; ღერო სწორმდგომი, ეკლიანი, უხეში, სიმაღლე 60 – 150 სმ, შეიცავს რძისებურ სითხეს; ფოთოლი მჯდომარე მონაცრისფრო - მწვანე, დაკბილული; ყვავილედი კალათა, ყვავილი წვრილი ყვითელი, ყვავილობს ივნისს - სექტემბერში.

 

ჯიჯლაყა - Amaranthus retroflexus L.

ერთწლიანი საგაზაფხულო სარეველაა. ფესვი - მთავარღერძა; ღერო სწორი, მარტივი ან დატოტვილი, ღია მწვანედან მოწითალომდე, სიმაღლე 20-150 სმ; ფოთლები კვერცხისებურ-რომბისებური; ყვავილედი - ცილიდრული, მწვანე ფერის, ყვავილობს ივნის-სექტემბერში. ერთი მცენარე იძლევა 5 000 თესლს.

 

ნაცარქათამა - Cheopodium album L.

ერთწლიანი, ბალახოვანი, საგაზაფხულო სარეველაა. ფესვი - მთავარღერძა; ღერო - სწორი, მომწვანო - მონაცრისფრო, სიმაღლე 20-100 სმ; ფოთლები - მორიგეობითი, კვერცხისებურ-რომბისებური, დაკბილული; ყვავილედი თავთავისმაგვარი,  ყვავილობს ივლის-აგვისტოში. ერთ მცენარეზე ვითარდება 100000  თესლი; აღმოცენების უნარს ინარჩუნებს 8 წელიწადს.

 

ბურჩხა - Echinochloa crus-galli (l.) R. et Sch.

ერთწლიანი, მარცვლოვანი სარეველაა, სიმაღლით 15-100 სმ, ფოთლები ლანცეტისებური, სიგანით 2,5 სმ, ყვავილედი ერთ ყვავილიანი საგველაა. ნიადაგიდან 80% აზოტი გამოაქვს, საშიშროებას უქმნის საქონელს (იწვევს მოწამვლას), ერთი მცენარე იძლევა 40 000 თესლს. გამოიყენება სასილოსედ, უვარგისია თივისთვის. 

 

მწვანე ძურწა - Setaria viridis (L.) P.B.

ერთწლიანი მარცვლოვანი სარეველაა. ფესვი - ფუნჯა; ღეროს სიმაღლე  20 – 100 სმ; ფოთოლი ლანცეტისებური, ყვავილედი - თავთავი, სიგრძით 3 – 12 სმ, ყვავილობს ივნისიდან სექტემბრამდე, თესლმსხმლიარობა - ივლისიდან ოქტომბრის ბოლომდე, ერთ მცენარეზე ვითარდება 2300 მარცვალი, თესლის სიცოცხლისუნარიანობა 4 წელი.

 

ავტორები:

მაია გიორბელიძე
სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის
ენტომოლოგიის ლაბორატორიის მთავარი სპეციალისტი

ნინო დათუკიშვილი
სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის
ფიტოპათოლოგიის ლაბორატორიის მთავარი სპეციალისტი